ქართველი მეფეების, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტის ასტრახანიდან გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკება აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ განუცხადა, ნეშტს ექსპერტიზა არ ჩატარებია და მათ გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჯერ სიახლე არაფერია.
"მეფეების ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ახალი არაფერია. ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა. ახლა მარხვაა და არამგონია, ახლა ჩატარდეს. რომ გახსნილდება, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ მეფეების გადმოსვენების საკითხს", _ აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტების ასტრახანიდან გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პატრიარქს და პრეზიდენტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასული წლის ნოემბერში მიმართა.
რუსეთის პატრიარქის მიერ შექმნილი კომისიის პირველი სხდომა 2012 წლის 13 დეკემბერს გაიმართა. რუსულმა მხარემ ისტორიული და არქეოლოგიური მასალის შესასწავლად დრო ითხოვა. ამასთან, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში უკვე გამზადებულია ორი დიდი ქვის ფილა, სადაც რუსეთიდან გადმოსვენებული ქართველი მეფეების ნეშტებს დაასვენებენ.
ვახტანგ მეექვსე 1737 წელს 26 მარტს ასტრახანში გარდაიცვალა და მიძინების ტაძარში დაკრძალეს. თეიმურაზ მეორე პეტერბურგში 1762 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. მეფე–პოეტი 1762 წლის 4 ივნისს ასტრახანში გადაასვენეს და ისიც მიძინების ტაძარში, სიმამრის, ვახტანგ მეექვსის გვერდით დაკრძალეს.