თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, სადაც ინციდენტი მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ირანელი ფერმერების მეურნეობაში შეიჭრა და მიწის ნაკვეთს შემოვლებული ღობე რამდენიმე მეტრზე შემოაცალა.
მესერის მთლიანად მორღვევაში ხაიშის მაცხოვრებლებს პოლიციამ შეუშალა ხელი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ირანელ ფერმერებს, რომელთაც გრძელვადიანი იჯარით ხელისუფლებამ 2 წლის წინ გადასცა სარგებლობაში სოფლის ტერიტორიაზე არსებული 700 ჰექტარი მიწის ფართობი, აღნიშნული ტერიტორიებით სარგებლობის უფლებას არ მისცემენ და მიწის ნაკვეთებს თავად დაამუშავებენ.
ხაიშელები აცხადებენ, რომ სოფლის სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები ხელისუფლებამ 2 წლის წინ ჩუმად გაასხვისა და სოფლის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების გარეშე დატოვა. სოფელმა არაერთხელ მიმართა დახმარებისათვის ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას.
რამდენიმე თვის წინ, როგორც ხაიშის მაცხოვრებლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადეს, მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი სახელმწიფო კანცელარიაში ჩააბარეს და პასუხს დღემდე ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 1997 წლიდან სვანეთიდან ჩასახლებული 160 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივთა შემოსავლის ერთადერთი წყარო მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობაა.