სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამას თამაზ კვარაცხელიას შეხვდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯავრდებულის მამამ მინისტრს დეტალურად გააცნო წუხილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ პატიმარი პაპუნა კვარაცხელია არის ყოფილი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული რეჟიმის მსხვერპლი.
"1-ელი ოქტომბრის შემდეგ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამინისტრომ შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოიყენა. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, პაპუნა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მას ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რისთვისაც აუცილებელია საპატიმროდან გათავისუფლება.
სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების სამინისტროს არ გააჩნია მისი გათავისუფლების ბერკეტები, კერძოდ, მას არ ეკუთვნის პირობით ვადამდე გათავისუფლება, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არსებული დაავადებათა ჩამონათვალის მიხედვით, ვერ აკმაყოფილებს უწყებათაშორისი კომისიის კრიტერიუმებს.
სასჯელისგან გათავისუფლების ერთადერთ გზად რჩება პრეზიდენტის შეწყალება. აქედან გამომდინარე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მიიღო გადაწყვეტილება პირადად უშუამდგომლოს პაპუნა კვარაცხელიას, რათა შეწყალების კომისიამ და პრეზიდენტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ და პატიმარს თავად მიეცეს საშუალება იბრძოლოს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.