საგარეჯოს რაიონის სოფელ პალდოში მდებარე სამხედრო ნაწილში ამ დროისთვის სიმშვიდეა. როგორც სოფელ პალდოდან "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი იუწყება, სამხედრო ნაწილის შლაგბაუმთან ორი ჯარისკაცი მორიგეობს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ. ჟურნალისტებთან სამხედრო ნაწილიდანაც არავინ გამოსულა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პალდოს სამხედრო ნაწილი 60-მა რეკრუტმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, რეკრუტები დისლოკაციის ადგილიდან გამთენიისას წამოვიდნენ. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ. კერძოდ, საუბარია საპირფარეშოების დასუფთავებაზე. რეკრუტებს მიაჩნიათ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა ტუალეტების ხეხვით იყვნენ დაკავებული.
მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით ტავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "პალდოს" ბაზაზე მყოფმა რეკრუტების ნაწილმა (60 რეკრუტი), არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მათი ბაზიდან დათხოვნის შესახებ.