თეატრების სტრუქტურისა და მართვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით - 80 - ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. საუბარია დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ავტორობით მომზადებულ "პროფესიული თეატრების შესახებ" კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, თეატრის მართვას სამხატვრო ხელმძღვანელი განახორციელებს, რომელიც თეატრის საერთო ხელმძღვანელი იქნება და რომელსაც, ძირითადი პასუხისმგებლობა შემოქმედებით საქმიანობაზე დაეკისრება, დირექტორი კი, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ორგანიზებულ საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.
შეიცვლება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის წესი. კერძოდ, მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელს ოთხი თეატრალური სეზონის ვადით დანიშნავს, მასთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან.
დამტკიცებული კანონპროექტით, სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის საბჭოსთვის შეთავაზების უფლება ეძლევათ თეატრალურ დასებს, შემოქმედებით საზოგადოებასა და ორგანიზაციებს.
გარდა ამისა, კანონპროექტით, სახელმწიფო და მუნიციპალური პროფესიული თეატრებისთვის სავალდებულო იქნება რეჟისორის ან სარეჟისორო კოლეგიის ფუნქციონირება, მთავარი რეჟისორის და მთავარი დირიჟორის ფუნქციონირება, იმ შემთხვევაში, თუ სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი და დირიჟორი არ იქნება.