საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე პალდოს საბრძოლო ბაზიდან რეკრუტების წამოსვლას საგანგაშო ფაქტს უწოდებს. როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმჯობესია, თუ მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში იმ პრობლემებს მიხედავს, რომელიც ობიექტურად არსებობს.
"ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ფაქტია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ თავდაცვის მინისტრმა, იმის მაგივრად, რომ იმ პრობლემებს მიხედოს, რომელიც ობიექტურად არსებობს თავდაცვის სამინისტროში, დაკავებულია პოლიტიკური კამპანიით წინა ხელისუფლების მიმართ. თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ყველა ჯარისკაცი უნდა მსახურობდეს ნორმალურ პირობებში", - აღნიშნა ბარამიძემ.
კახეთში, პალდოს საველე ბანაკი 70-მდე რეკრუტმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ისინი დისლოკაციის ადგილიდან გამთენიისას წამოვიდნენ. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ. კერძოდ, საუბარია საპირფარეშოების დასუფთავებაზე. რეკრუტებს მიაჩნიათ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა ტუალეტების ხეხვით იყვნენ დაკავებული.
მოხდართან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარში საგანგაშო არაფერია. მისი თქმით, რეკრუტებმა ვერ გაუძლეს იმ ცხოვრების წესს, რომელიც საველე პირობებში არსებობს.