პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რეკრუტების მხრიდან პალდოს საბრძოლო ბაზის დატოვებაში საგანგაშო არაფერია. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზა 70-მდე რეკრუტმა დატოვა და ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მათ ვერ გაუძლეს იმ ცხოვრების წესს, რომელიც საველე პირობებში არსებობს.
"პალდოს საბრძოლო ბაზა არის პირველადი საბრძოლო მომზადების ბაზა, სადაც ხვდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მომავალში საკონტრაქტო სამსახურში იმსახურებენ. ისინი გადიოდნენ პირველად წვრთნას საველე პირობებში. საველი პირობებში, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ხდება თავად ჯარისკაცის მიერ. განწესში რამდენიმე ადამიანს დაევალა შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ უარი განაცხადეს და სხვებმაც უარი განაცხადეს. მე ვესაუბრე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას და უმრავლესობამ ვერ გაუძლო იმ ცხოვრების წესს, რაც მიღებულია სამხედრო სამსახურისთვის და მიიღეს წასვლის გადაწყვეტილება. ეს ჩვეულებრივი პროცესია, არაფერი საგანგაშო აქ არ არის", - აღნიშნა სესიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, რეკრუტები დისლოკაციის ადგილიდან გამთენიისას წამოვიდნენ. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ. კერძოდ, საუბარია საპირფარეშოების დასუფთავებაზე. რეკრუტებს მიაჩნიათ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა ტუალეტების ხეხვით იყვნენ დაკავებული.