საქართველოს პარლამენტის მიერ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვით 2013 წლის 1 ივნისიდან მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის შესაძლებლობა გამოირიცხა. ამ საკითხთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.
„დაჩქარებული მომსახურების სერვისი თბილისის მერიაში სამშენებლო პროცესების წახალისებისა და კორუფციის აღმოფხვრის მიზნით 4 წლის წინ დაინერგა.
მშენებლობის ნებართვა, რომელიც 45 სამუშაო დღეში გაიცემა, დაჩქარებული წესით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს 3 დღეში აიღოს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული სერვისის დანერგვა მშენებლობით დაინტერესებული პირების მხრიდან მოთხოვნამ განაპირობა და ამ სერვისით მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1700–მდე პირმა ისარგებლა. შესაბამისად, ცხადია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სამშენებლო პროცესების შეფერხებას გამოიწვევს და მშენებლობის განხორციელების მსურველებისთვის ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა.
თბილისის მერია იმედოვნებს, რომ კანონი მიღებულ იქნა შესაბამისი ანალიზისა და ზემოაღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად და აღნიშნული ცდომილება იქნება გამოსწორებული. შესაბამისად, თბილისის მერია საქართველოს პარლამენტს მიმართავს და წარუდგენს კანონპროექტს, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.