იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა-დამტკიცების წესებთან დაკავშირებით რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. 78 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი - ასეთი იყო მესამე მოსმენისთვის დანიშნული კენჭისყრის შედეგი. დამტკიცებული პროექტის თანახმად, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, სამ ტურად გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება. ამასთან, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.
დღესვე პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებელი ცვლილებები.
როგორც ერთ, ასევე მეორე საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ოპოზიცია მიღებულ საკანონმდებლო ნორმებს ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობად აფასებს.