კანონით პრეზიდენტისთვის წაყენებული მოთხოვნა - პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩები ორი კვირის ვადაში დანიშნოს, იმ ელჩობის კანდიდატებზეც გავრცელდება, რომელიც პარლამენტში ამჟამადაა წარდგენილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ხელაიამ პლენარულ სხდომაზე, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა. კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად ორკვირიანი ვადა უწესდება და კანონში იწერება, რომ პრეზიდენტმა ელჩები თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის მიღებიდან ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.
საკითხით უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დაინტერესდა, რომელმაც დღეს იმის გარკვევაც სცადა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი კანონის მოთხოვნას დაარღვევს და მოცემულ ვადაში ელჩებს არ დანიშნავს.
"კონსტიტუციით საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო თუ პრეზიდენტი პარლამენტის მხრიდან დამტკიცებულ კანდიდატებს ხელს ორი კვირის ვადაში არ მოაწერს, კანონის მოთხოვნა დარღვეული დარჩება. სხვა არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. რაც შეეხება უკვე წარმოდგენილ ელჩობის კანდიდატებს, საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას შემოგთავაზებთ ფორმულირებას, რომ ეს ორკვირიანი ვადა იმ ელჩობის კანდიდატებზეც აისახოს, რომელიც პარლამენტში მოცემული მომენტისათვის არიან წარდგენილი", - განაცხადა ხელაიამ, რომელმაც დაადასტურა, რომ კანონში აღნიშნული ცვლილებების მომზადება განაპირობა პრაქტიკამ, როცა პრეზიდენტმა ელჩების დანიშვნაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემა გააჭიანურა.