"ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!", - "სტუმარ-მასპინძლის" ამ ფრაზით დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა.
დისკუსია "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ნაფიც მსაჯულთა არჩევის საკითხს შეეხება, დღევანდელ სესიაზეც გაგრძელდა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" წარმოდგენილ პროექტს წინააღმდეგომას იმიტომ უწევს, რომ სასამართლოებში არიან მოსამართლეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებენ.
"დღეს ჩვენ უმცირესობის მხრიდან ვხედავთ საპროცედურო ომს, როდესაც ერთი და იგივე კითხვებს, დაზუსტების მოთხოვნას, შემდეგ კვლავ ერთი და იგივე შინაარსის გამოსვლებს აქვს ადგილი და ეს ერთი მიზნით ხდება: - რაც შეიძლება გვიან ჩატარდეს კენჭისყრა და რაც შეიძლება გვიან ეყაროს კენჭი გადაწყვეტილებას, რომელიც ბაჩო ახალაიებს სასამართლოზე გავლენას დააკარგვინებს. ბაჩო ახალაიებში გგულისხმობთ თქვენ ბატონებო, რომლებიც სიამოვნებით ატარებთ სასამართლო პროცესებზე მაისურს, წარწერით - "მე ბაჩო ახალაია ვარ". გიდასტურებთ, რომ თქვენ ყველანი ბაჩო ახალაიები ხართ! თქვენ ნაფიცი მსაჯულები გაშფოთებთ იმიტომ, რომ როცა შეგიძლიათ თქვათ, რომ "მოსამართლე ჩემია", მაშინ გარანტირებული გაქვთ გამამართლებელი გადაწყვეტილება", - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დავითაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ამ ქვეყანაში მოიძებნება ისეთი 12 ადამიანი, რომელიც არც ერთ მხარეს არ არის და მტკიცებულებების საფუძველზე ობიექტურ განაჩენს გამოიტანს".
"კანონში ჩადებული და თავის დროზე თქვენს მიერ მიღებული პროცედურები უზრუნველყოფს იმას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამედიატორო სასამართლო იქნება, სადაც ბრალდება და პროკურატურა უნდა შეთანხმდეს და არის ერთადერთი შანსი სამართლიანი განაჩენის მიღებისა. არ მინდა გავიზიარო თქვენი მოწოდება, "მიშასამც შაეწირებითო", ამაზე ჩვენი პასუხი არის "ძადღლ იყოს თქვენის მკვდრისადა", - განაცხადა დავითაშვილმა ოპოზიციის მისამართით.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცა. მთავრობის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, თუკი წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან, რომ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს.