"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტმა საბოლოოდ - მესამე მოსმენით, 82 ხმით 24 - წინააღმდეგი დაამტკიცა. ამასთან, მეორე მოსმენით გავიდა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევის პროცედურებს ეხება.
დღეს მიღებული ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან ექვს წევრს პარლამენტი - კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს. არჩევა კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერი იურისტების, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის მოხდება.
ცვლილებები არჩევის წესსაც შეეხო, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით არჩეული კანდიდატები პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით გამოვლინდება. თუმცა, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსება, კენჭისყრის მომდევნო ტურებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება, ამასთან ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკუთრივ მოსამართლე წევრებს, საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია.
ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრით შემოიფარგლება.
მიღებული პაკეტის თანახმად, ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. კანდიდატის დასახელების უფლება კი მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს ექნება.
ამავე ცვლილებებით, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე, იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ ან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.