პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობისგან" ითხოვს, დააკონკრეტონ, რა კრიტერიუმებითა და პრინციპით იხელმძღვანელეს თავის დროზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას.
მანანა კობახიძემ ოპოზიციონერი კოლეგები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პროკურატურის კადრების დამტკიცების გამო გააკრიტიკა და ამ კონტექსტში ორი მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაასახელა.
"როდესაც თქვენ უზენაესი სასამართლო დააკომპლექტეთ, რაც არა 2/3-იანი ქვორუმით, არამედ ჩვეულებრი უმრავლესობით მოხდა და აირჩიეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მოსამართლეები, მაშინ რა პრინციპით იხელმძღვანელეთ? მაგალითად, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პროკურატურიდან მისული კადრი მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეთ, რომელსაც სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდა და სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობდა, მაშინ რით იხელმძღვანელეთ? იყო ის მაღალი რეპუტაციის ან სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი? რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეთ, როდესაც ლევან მურუსიძე პროკურატურიდან მიიყვანეთ, რომელსაც სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდა. მაშინ ჰკითხეთ აზრი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს? სწორედ ასე დააკომპლექტეთ თქვენ უზენაესი სასამრთლო და ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში სულ სხვაგვარად მსჯელობთ", - მიმართა კობახიძემ უმცირესობის წევრებს.
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სასამართლო არც სააკაშვილის, არც უმრავლესობის და არც უმცირესობის იქნება და წარმოდგენილი ცვლილებებით, ის ხალხს დაუბრუნდება".