ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ყოფილი პოლიტპატიმრების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პლაკატები გამოფინეს "ნაც. ხროვა უნდა გასამართლდეს". როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა ცოტნე ანანიძემ აღნიშნა, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ურცხვად აგრძელებს რიტორიკას და პოლიტპატიმრებს კრიმინალებად განიხილავს.
"იმის გამო, რომ ჩვენი მოქმედება არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესებში, მოგვიწია, ასეულობით დღის გატარება საპატიმრებში. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ურცხვად აგრძელებს რიტორიკას, პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს და კრიმინალებად განგვიხილავს. ჩვენ ყველანაირ ასპარეზზე ვეცდებით, ვაღიარებინოთ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ნამდვილად ხდებოდა წლების განმავლობაში მოქალაქეების პოლიტიკური მოტივით დაკავება", - აღნიშნა ცოტნე ანანიძე.
აქციის დროს სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია ყოფილი პოლიტპატიმრის მხრიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართულმა სალანძღავმა სიტყვებმა. "თუ სამართლებრივად არ მოგვარდება, ჩვენ ფიზიკურად გავუსწორდებით "ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნა მერაბ გორგაძემ.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ აღნიშნა, დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ ახალგაზრდა ძალიან აგრესიულად იქცეოდა და "ნაციონალურ მოძრაობის" მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვებით ილანძღებოდა.
კირთაძის განმარტებით, პოლიტპატიმართა სიაში, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტპატიმრები: არ არიან.
"არც შეიძლება ამაზე ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს, რადგან იქ არიან ადამიანები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგენტურული საქმიანობით გამოირჩეოდნენ. თქვენ თუ გგონიათ, ამდენი პოლიტპატიმარი გვყავდა ქვეყანაში, მართლა კარგადაა ჩვენი საქმე. უშუალოდ, იმ ადამიანებში, ვინც დღეს აქ მოვიდნენ, ცოტნე ანანიძეს ძალიან კარგად ვიცნობ დიდი ხანია და ძალიან სამწუხაროა, რაც მას მოუვიდა", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
აქციის მიმდებარედ იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.