საბოლოოდ, ქართული ციხისგან მივიღეთ სრულიად სახეცვლილი, ინტერპრეტირებული, რაღაც აღმოსავლური აქცენტებით გაჯერებული, მოგონილი არქიტექტურა, რომელმაც დაკარგა მხატვრულ-ისტორიული ღირებულება, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე, ექსპერტმა მანანა სურამელაშვილმა კულტურის სამინისტროში რაბათის რესტავრაციასთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რაბათის ციხე შედგება ზედა და ქვედა ციხისგან და 2012 წელს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების მერე, ზედა ციხის მაგალითზე, მე-19 საუკუნე "საერთოდ გაქრა პირისაგან მიწისა" და არაფერი აღარ არის მე-19 საუკუნის ნაგებობიდან დარჩენილი.
როგორც ექსპერტი აცხადებს, სამუშაოები ისე დაიწყო, რომ საზოგადოება არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაცვიის სააგენტოს სამეცნიერო საბჭოს წევრებისთვის ალბომი გასაცნობად მაშინ მიიტანეს, როდესაც რესტავრაცია დამთავრებული იყო.
"ამ ციხის მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო. ეს შეფასება არ არის გაზვიადებული. ის ძალიან საინტერესო იყო თავისი სამშენებლო ფენებით, იმ განსაკუთრებულობით, სადაც ქრისტიანული პერიოდი, მუსულმანური პერიოდი, რუსული პერიოდი იყო მონაცვლეობით წარმოდგენილი და არასოდეს არ ყოფილა, რომ, რომელიმე პერიოდი ასე ხელოვნურად ყოფილიყო გამოძევებული ამ ციხიდან",- განაცხადა მანანა სურამელაშვილმა.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის შედეგად მივიღეთ სრულიად სახელცვილი რაბათის ციხე, ისტორიული ნაგებობა, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული სახე, ახლა კი სრულიად სხვა სახის კომპლექსია.
"ასევე გვაქვს პირისგან მიწისა აღგვილი მე-19 საუკუნის რუსული არქიტექტურა და შეგვრჩა სრულიად გაუგებარი, მავრიტანული სტილის ნაგებობა, რომელიც სრულიად გაუგებარია საიდან მოვიდა", - განაცხადა მანანა სურამელაშვილმა.