კულტურის სამინისტროში მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე მცირე ინცინდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ინცინდენტი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის გამოსვლას მოჰყვა.
ვანო მერაბიშვილმა სიტყვით გამოსვლამდე, მაგიდასთან მის წინ მჯდომი პირის გადასმა მოითხოვა, რადგან აღნიშნა, რომ ამ ადამიანის რეპლიკები აღიზიანებდა. ვანო მერაბიშვილის წინ მაგიდასთან რაბათის ციხის მმართველი დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი იჯდა.
როგორც ბიჭაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერაბიშვილს მიმართა, რომ რაბათის აღდგენაზე სიმართლე ეთქვა და, "როგორც ახალციხელი, სამართლიანად მოქცეულიყო".
ბიჭაშვილის თქმით, მერაბიშვილი სწორედ ამ სიტყვებმა გააღიზიანა.
"რაბათში არავითარი ნგრევა არ მიმდინარეობს. ამჟამად უცხოური გადამღები ჯგუფები ცნობილი თამაშის, "ფორტ ბოიარდის" გადაღებას ახორციელებენ", - აღნიშნა ბიჭაშვილმა.
ინცინდენტის მიუხედავად, ვანო მერაბიშვილმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
რაბათის რესტავრაციის საკითხზე კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს. შეხვედრას არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და ექსპერტები ესწრებიან. სამინისტროში ასევე იმყოფებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.
საქართველოს კულტურის სამინისტრო რაბათის ციხის ტერიტორიაზე სამუშაობის ჩატარებას გეგმავს. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ქართულმა მხარემ წინა ხელისუფლების დროს მისი რესტავრაციის ფარგლებში დაშვებული ხარვეზები უნდა გაასწოროს.
რაბათში სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგება "ნაციონალური მოძრაობა". ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტოს.