"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი კულტურის სამინისტროში "რაბათის ციხის გადასარჩენად" მივიდა. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა დღეს სამინისტროში , რაბათის ციხესთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიც რაბათია, ყოველთვის შენდებოდა და ისტორიას ამახსოვრდებოდა მათი მშენებლების გვარები.
"რა თქმა უნდა, ცენზორების და დამანგრევლების გვარები საქართველოს ისტორიაში არ ინახებოდა და თუ ამ ადამიანებს უნდათ, ისტორიაში შევიდნენ როგორც დამანგრევლები, ცენზორები, ეს მათი არჩევანია", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეეცდება, დაარწმუნოს ხელისუფლების წარმოამდგენლები, რომ ხელი არ ახლონ იმას, რაც გაკეთდა.
"თუ მათ რამის გაკეთება უნდათ, დარჩენილია ძალიან ბევრი რამ და შეუძლიათ, თავიანთი ცოდნა, ხელოვნება გამოცდილება აჩვენონ. მე მოხარული ვიქნები, თუ იქ იმაზე უკეთეს რამეს გააკეთებენ, რაც დღესდღეობით არის აშენებული", - აცხადებს მერაბიშვილი.