ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ჯარიაშენში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე და შიდა ქართლის გუნერნატორის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე ჩავიდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სოფელ ჯარიაშენთან ვითარება უცვლელია და ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების საშუალებას რუსი მესაზღვრეები არ აძლევენ.
როგორც პაპუნა კობერიძემ განაცხადა, იყო მცდელობა, რომ მათ დამატებით ტერიტორია მიითვისონ და კონტროლი განახორციელონ. თუმცა მას იმედი აქვს, რომ მხარეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.
შიდა ქართლის გუნერნატორის მოადგილე კი ოკუპირებულ ცხინვალთან შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებს. ზურაბ ჩხეიძის თქმით, ანდრო ბარნოვი ბოლო დროს სწორედ იმის შესახებ აკეთებდა განცხადებას, რომ ხელისუფლება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფლის მაცხოვრებლებს შეიარაღებული რუსი მესაზღვრეები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ.
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რუსმა მესაზღვრეებმა დღეს, დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა მიითვისეს და ახალი საზღვარი გაავლეს. ადგილობრივების თქმით, მიწის დამუშავება მათ რუსმა მესაზღვრეებმა აუკრძალეს და ტერიტორიის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაპატიმრებით დაემუქრნენ.