თბილისის მერია ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების გასწორებას ითხოვს, რომლითაც მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული მომსახურება უქმდება.
როგორც თბილისის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ კუნელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის მიერ ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს პარლამენტში განხორციელებულმა ცვლილებებმა, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის შესაძლებლობა მოქალაქეებს გაუუქმა. მისივე თქმით, ეს სერვისი არქიტექტურის სამსახურში ოთხი წელია არსებობს და დაახლოებით 1 700-მდე პირმა ისარგებლა. მშენებლობის ნებართვის აღება კანონით 45 დღეში ხდება, დაჩქარებული წესით 3 დღეშია შესაძლებელი.
კუნელაური მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებს, ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ეს სერვისი უნარჩუნდებათ.
"ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა ანალიზისა და გარემოებების გათვალისწინების გარეშე მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცდომილება დროულად იქნება გამოსწორებული, სხვა შემთხვევაში, მოქალაქეებს პრობლემები შეექმნებათ და 1 ივნისიდან დაჩქარებული მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ", - აღნიშნა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა.
მისივე თქმით, კანონში ცვლილებების პროექტს დღეს გაუგზავნიან პარლამენტს რათა ეს ცდომილება დროულად გამოსწორდეს.
ამასთან, თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პირველი მოსმენის განხილვისას კანონპროექტის ავტორს თინა ხიდაშელს გააცნეს პრობლემის არსი. აბესაძე დარწმუნებულია, რომ სამშენებლო პროცესის გართულება საქართველოს პარლამენტის მიზანმიმართულ ქმედებას არ წარმოადგენს.
"ეს მხოლოდ და მხოლოდ დაშვებული უზუსტობისა და შეცდომის ბრალია. პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს კანონპროექტს და მშენებლობით დაინტერესებულ პირებს კვლავ მისცემს შესაძლებობას ისარგებლონ მშენებლობის ნებართვის აღების დაჩქარებული მომსახურებით", - აღნიშნა აბესაძემ.