შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 6 მოქალაქე გათავისუფლდა.
რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკნონო კვეთის“ ბრალდებით, დუშეთის რაიონის მცხოვრები მალხაზ ტიტველაშვილი და კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მცხოვრები გივი ილურიძე 2012 წლის 19 სექტემბერს სოფელ ოძისის ტყეში დააკავეს. მიმდინარე წლის 9 მარტს, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასახლება მაქსისუბანში მცხოვრები ვახტანგ ბალიაშვილი და დავით ვათიაშვილი ოსური მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს და ჯერ არცევში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს. სოფელ ტბეთში, საკუთარ ხეხილის ბაღში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მიმავალი, საჩხერის რაიონის სოფელ ორღულში მცხოვრები რამაზ ბახტურიძე და მისი მეუღლე მაია ბახტურიძე კი მიმდინარე წლის 30 მარტს ჯავის რაიონის სოფელ ქარძმანის ტერიტორიაზე დააკავეს.
უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა ბოლო ათი დღის განმავლობაში გაათავისუფლეს.