პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმცირესობა მის წინააღმდეგ წავიდა.
ცვლილებები, რის გამოც აღნიშნული პაკეტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევის პროცედურებია. დღეს მიღებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრს აირჩევს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერი იურისტებისგან, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან შეირჩევა. ცვლილებები კანდიდატთა არჩევის წესსაც შეეხო, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით არჩეული კანდიდატები პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით გამოვლინდება. თუმცა, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსება, კენჭისყრის მომდევნო ტურებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება, ამასთან, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ს მოსამართლე წევრებს, საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრით შემოიფარგლება.
ცვლილებების თანახმად, ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. კანდიდატის დასახელების უფლება კი მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს ექნება.
ამავე ცვლილებებით, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე, იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ ან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.
საკანონმდებლო პაკეტს ხვალ პარლამენტი საბოლოოდ - მესამე მოსმენით დაამტკიცებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებული, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა.