საქართველოს მთავრობა "ტავ ჯორჯიასთან" კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს იმ საკითხზე, უნდა იყვნენ თუ არა საქართველოს მთავრობა და "ტავ ჯორჯია" 2027-დან 2037 წლამდე გარკვეული მემორანდუმის ფარგლებში. 2027 წლამდე არსებულ კონტრაქტზე კი, მინისტრის ინფორმაციით საუბარი საერთოდ არ არის.
"ჩვენ სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხს. შესაძლოა, რაღაც არ მოგვწონდეს. შეიძლება, მათაც ჰქონდეთ პრეტენზიები, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ორიოდე დღის წინ "ტავ ჯორჯიას" ჰოლდინგის გენერალურ დირექტორთან და განვიხილეთ, რა მოგვწონს, ან - რა არა აღნიშნული კონტრაქტიდან, თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბარი არ არის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ასაფრენი ზოლის გარემონტების საკითხს, მინისტრის განმარტებით, ამ თემაზე მოლაპარაკებები გრძელდება. მინისტრი დეტალების გამჟღავნებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში მხარეები მისაღებ ვარიანტზე შეთანხმდებიან.
"ეს არის კერძო ბიზნესი. მისი ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს მიერაც, მაგრამ "ტავ ჯორჯიამაც" უნდა მიიღოს მხედველობაში, რომ ეს აეროპორტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ორმხრივი ინტერესების თანხვედრა უნდა მოვძებნოთ. მათ გენერალური ხელშეკრულებით აღებული აქვთ ვალდებულებები, რომელსაც ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ, როგორც სახელმწიფო", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება კონტრაქტის რამდენიმე მუხლის გადახედვაზე, თუმცა ეს მხოლოდ ურთიერთშეთანხმების შედეგად მოხდება.
მოქმედი ხელშეკრულებით, "ტავ ჯორჯიას" საქართველოში ოპერირების ვადა 2027 წლამდე აქვს, თუმცა კომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ასაფრენი ზოლის მშენებლობას გეგმავდა, რის შემთხვევაშიც მისი ხელშეკრულება 2037 წლამდე გაგრძელდებოდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, მეორე ასაფრენი ზოლი საკუთარი სახსრებით ააშენოს.