"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, საგარეჯოს გამგეობიდან თანამშრომლები მასიურად დაითხოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს , "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობისთვის" ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის - გიორგი ლოლაძის ბრძანების საფუძველზე, 29 მარტს გამგეობის აპარატიდან რეორგანიზაციის საბაბით 30 თანამშრომელი გათავისუფლდა.
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელთან საუბრისას გათავისუფლებული პირები გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივებს ასახელებენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გარეშე უკვე დაინიშნენ პირები, რომლებიც გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადებით, პარტიული ნიშნით შეირჩნენ.
"დღეის მდგომარეობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.sagarejo.ge) არ არის განთავსებული ინფორმაცია მიმდინარე რეორგანიზაციის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "სამართლიანმა არჩევნებმა" საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
26 მარტს "სამართლიანმა არჩევნებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე თვითმმართველობების სამსახურებიდან 1790 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურიდან 51 თანამშრომელი იქნა დათხოვნილი.
"სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებიდან კვლავ გრძელდება თანამშრომელთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დათხოვნისა და ახალი კადრების კონკურსის წესის გარეშე, ე.წ. "მოვალეობის შემსრულებლად" აყვანის ტენდენცია. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა უზრუნველყოს მსგავსი სახის გაუმართლებელი პრაქტიკის პრევენცია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.