ევროკავშირმა დაძმობილების პროექტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 1.8 მილიონი ევრო გამოუყო.
ევროკავშირის დაძმობილების პროექტის - "საბაჟო და სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის განმტკიცება საქართველოში" დახურვის საზეიმო ცერემონია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", დღეს გაიმართა. მონაწილეებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სიტყვით მიმართა.
ევროკავშირმა დაძმობილების პროექტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 1.8 მილიონი ევრო გამოუყო.
დაძმობილების პროექტი სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების ინსტიტუციონალურ განვითარებას და მხარდაჭერას ითვალისწინებდა. პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა - საბაჟო ადმინისტრირება და პროცედურები და სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლი.
პროექტი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს: დანიის, იტალიისა და ესტონეთის შესაბამისი ადმინისტრაციები.
პროექტმა საშუალება მისცა ერთი მხრივ, საქართველოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეორე მხრივ, დანიის, იტალიისა და ესტონეთის საბაჟო-ვეტერინარული კონტროლის ადმინისტრაციებს, ერთად ემუშავათ საქართველოში სასაზღვრო კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად.
"ასეთი პროექტები ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" იმპლემენტაციას. ამასთანავე, წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორცელების ნაწილს სახელმწიფო საზღვარზე ეფექტური, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროცედურები, დაეხმარება შემოსავლების სამსახურს ხელი შეუწყოს საერთშორისო ვაჭრობას სახელმწიფო საზღვარზე, საქონლისა და მგზავრთა გადაადგილების კონტროლის ხარისხის ამაღლებას. დაძმობილების პროექტები, რომლებიც რამოდენიმე წელია ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, ქართველ მოხელეებს საშუალებას აძლევს უშუალოდ მიიღონ გამოცდილება ევროპელი კოლეგებისგან", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, აღნიშნული ტიპის თანამშრომლობა ევროკავშირთან აქტიურად გრძელდება. კერძოდ, შემუშავების სტადიაშია დაძმობილების კიდევ ერთი პროექტის განხორციელება საგადასახადო სფეროში, რაც ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შემოსავლების სამსახურის ამჯერად, საგადასახადო მიმართულებით ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში.
"მოხარული ვარ, რომ დაძმობილების პროექტის ფარგლებში შედგა სამაგალითო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და ევროკავშირს შორის. მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტში მონაწილე ყველა მხარეს-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, დანიის, იტალიისა და ესტონეთის შესაბამის ადმინისტრაციებს პარტნიორობისთვის. საბაჟო მიმართულებით ქართული მხარის მიერ მიღწეული დადებითი შედეგები თვალშისაცემია და ასახულია ევროგაერთიანების შესაბამის ანგარიშებში. ასე რომ, ევროკავშირი დარჩება წამყვან პარტნიორად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის და მომავალშიც გააგრძელებს სამინისტროს სამსახურების გაძლიერებისთვის საჭირო დახმარებას", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბორის იაროშევიჩმა.
პროექტის ფარგლებში ქართველი სპეციალისტებისთვის ასევე განხორციელდა სასწავლო ვიზიტები, სემინარები და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, მოხდა საქართველოსა და პროექტში მონაწილე ქვეყნების კანონმდებლობათა შედარებითი ანალიზი.
პროექტს ხელმძღვანელობდა დანიური მხარე. კერძოდ, დანიის ცენტრალური საგადასახადო და ეკონომიკური საზღვრის დაცვის ადმინისტრაცია, დანიის ვეტერინარიისა და სურსათის ადმინისტრაცია, ხოლო ესტონეთი (ესტონეთის საგადასახადო და ეკონომიკური საზღვრის დაცვის საბჭო, ესტონეთის ვეტერინარიის და სურსათის საბჭო) და იტალია (იტალიის ეკონომიკური საზღვრის დაცვის სააგენტო) უმცროსს პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენდნენ.
პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის ირაოშევიჩი, ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი, იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი და დანიის სამეფოს საპატიო კონსული საქართველოში ესბენ ემბორგი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი.