"მოძრაობა 19 აპრილის" წევრებმა ოზურგეთის მოსახლეობას თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდნენ. შეხვედრაზე მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოქმედი მთავრობა რამდენიმე მიმართულებით გააკრიტიკეს და ყურადღება წინასაარჩევნო დაპირებებზე გაამახვილეს, რომლებიც მათი თქმით, არ სრულდება. კერძოდ, შეხვედრაზე დაისვა კითხვა რატომ გახდა საჭირო 2013 წელს ეკონომიკის თუ ბიზნესის გასავითარებლად რუსეთისთვის თავის დახრა, ასევე საუბარი შეეხო ტარიფების განახევრებასთან, სოციალური მდგომარეობის გამოსწორებასთან და პოლიციის დეპოლიტიზაციასთან დაკავშირებით არსებულ დაპირებებს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი სალიამ აღნიშნა, ეს დანაპირები დღემდე არ შესრულებულა, რასაც 19 აპრილს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წინაასარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომ მხოლოდ ხელმძღვანელი პირების შეცვლა მოხდებოდა, საჯარო დაწესებულებებიდან თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ.
საზოგადოებრივი "მოძრაობა 19 აპრილის" წარმომადგენლები თბილისში დაგეგმილი აქციის მოსამზადებელ შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ.