საქართველოს ნაკრებიდან წასულ ფეხბურთელებს საზეიმოდ ნოემბერში გააცილებენ. ამის შესახებ ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოხატავს გულწრფელ მადლიერებას ყველა იმ ფეხბურთელის მიმართ, ვინც წლების მანძილზე ერთგულად იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და სიამაყით ატარებდა ნაკრების ფორმას. ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი წუთი აჩუქეს. მათ ბევრი რამ გააკეთეს ეროვნული ნაკრებისათვის. სწორედ, ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ნოემბერში, როცა ეროვნული ნაკრები საშინაო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, მოეწყობა იმ ფეხბურთელების ოფიციალური, საზეიმო გაცილება, რომლებმაც მიმდინარე სეზონში საკუთარი სურვილით განაცხადეს ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საზოგადოებას და გულშემატკივარს მიეცემა საშუალება, კიდევ ერთხელ იხილონ გამორჩეული ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ყველამ ერთად, მხურვალე ოვაციებით გააცილოს ისინი.