კარგი იქნებოდა, სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს სახალხო დამცველის რეკომენდაცია წაეკითხა და ისე გაეკეთებინა რეაგირება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია იმნაძემ სოზარ სუბარის კრიტიკულ შეფასებებზე საპასუხოდ განუცხადა.
იმნაძის თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია ტუბერკულოზის მდგომარეობასთან დაკავშირებით ციხეებში, არაპროფესიონალური არ ყოფილა და წინასწარ ომბუდსმენი რეკომენდაციებს არც ერთ უწყებას არ უთანხმებს.
სახალხო დამცველის აპარატი არ ეთანხმება სუბარის ნათქვამს, რომ ტუბერკულოზით ავადობამ ციხეებში იკლო. როგორც იმნაძე ამბობს, კლება ამნისტიამ გამოიწვია და არა - პატიმართა მკურნალობამ.
"ვერ გავიგე, საერთოდ რაზე გააკეთა მინისტრმა კომენტარი. ჩვენს რეკომენდაციაში ტუბერკულოზით ავადობის სტატისტიკა ციხის ექიმების ანგარიშებიდან არის ასახული, ხოლო კლებასა და მატებაზე საერთოდ საუბარი არ არის. რიცხვები კი, რომელიც სუბარმა დაასახელა, საერთოდ არ ფიგურირებს, რადგან ეს კომპონენტი საერთოდ გაუგებარია. ასეც რომ იყოს, ტუბერკულოზის მკურნალობას სულმ მცირე 6 თვე სჭირდება და ახალი მინისტრი თავისი მოსვლის შემდეგ ამას ვერც მოახერხებდა. ავადობის რიცხვმა თუ დაიწია, ეს მოხდა ამნისტიისა და შეწყალების ხარჯზე და არა იმის ხარჯზე, რომ ხალხს უმკურნალეს ციხეებში", - განაცხადა ნათია იმნაძემ.
იმნაძე სუბარის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ მინისტრს არც ერთი მუხლი არ ავალდებულებს, შეხვდეს პატიმრებს.
"მინისტრი მიუთითებს, რომ არ არის ისეთი მუხლი, რომელიც პატიმრებთან შეხვედრას აიძულებს და აბსოლუტურად მართებულად. თუმცა, პატიმრები ცდილობდნენ მასთან შეხვედრას, რომ გაენდოთ გულისტკივილი. რეკომენდაცია იყო იმაზე, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და უმჯობესი იქნებოდა, სამინისტროს კარგად შეესწავლა ეს საკითხი, მოეხდინა რეაგირება. მსჯავრდებულები მიუთითებდნენ არა იმაზე, რომ ვერ მოხერხდა მინისტრთან შეხვედრა, არამედ პირდაპირ ამბობდნენ, რომ მინისტრმა არ მოინდომა შეხვედრა. ჩვენ ამას ვერ გადავამოწმებდით, ამიტომ ასე ზუსტად ვერ მივუთითეთ და ანგარიშში წერია - ვერ მოხედრხდა შეხვედრა. კარგი იქნებოდა, ყველაფერი მინისტრის გარემოცვაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული და თვითონ დაენახა ის პრობლემები", - განაცხადა ნათია იმნაძემ.
რაც შეეხება სუბარის განცხადებას, რომ სამინისტროსთვის ეკითხათ რიგი საკითხები და მერე დაეწერათ რეკომენდაცია, იმნაძე ამბობს, რომ რეკომენდაციის მომზადებამდე რომელიმე უწყებასთან სახალხო დამცველს არანაირი შეთანხმება არასდროს არ ქონია და არც ექნება.
"ადრეც იყო ხოლმე ამაზე საუბრაი - რატომ არ გველაპარაკებიან წინასწარ და ასე შემდეგ, თუმცა ეს გამორიცხულია - წინასწარ ჩვენ არ ვუთანხმებთ არც ერთ უწყებას არც ანგარიშს და არც რეკომენდაციებს, კეთილი ინებონ, წაიკითხონ უკვე გამოცემული რეკომენდაცია და ისე გააკეთონ რეაგირება", - განაცხადა ნათია იმნაძემ.
სახალხო დამცველმა სუბარის რეკომენდაციით გუშინ მიმართა.