აჭარის შს სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას, ისე როგორც უწყების სხვა ყველა თანამშრომელს, ნარკოტესტზე შემოწმება ჩატარებული აქვს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის ცნობით, მისი ხელმძღვანელობით უწყების ყველა თანამშრომელმა ნარკოტესტზე შემოწმება მისი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნისთანავე ჩაიტარა.
"მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლის ნარკოტესტზე შემოწმებას. როგორ მოგეწონებათ, მე რომ საია-ს თანამშრომლების ნარკოლოგიური შემოწმება მოვითხოვო. ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი ინიციატორი, წავედი და პირველმა ჩავაბარე ნარკოტესტი. იგივე გააკეთა უწყების ყველა თანამშრომელმა, მათ შორის - ვალერიან თელიამ. ასე რომ, მის მიმართ ატეხილი ამბავი არის ძალიან სასაცილო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, შს მინისტრი სამარცხვინოს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვალერი თელია საავადმყოფოში ნარკოტიკების მიღების გამო მოხვდა.
"მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. სამარცხვინოა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნარკოტიკები მოიხმარა და ამის გამო მოხვდა იქ. მე შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანს 24 საათი აქვს გასწორებული ძალიან მალე გამოვა კლინიკიდან და გააგრძელებს მუშაობას. ის რომ აჭარაში სიტუაცია არის სტაბილური, არის მისი დამსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პოლიციელისადმი მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა არის დასჯადი.
"მეც არ მომეწონა, რაც მოხდა, მაგრამ ის არის ადამიანი, ამასთან ის ატარებს პოლიციელის მუნდირს. ცალკე საკითხია, უნდა მომხდარიყო თუ არა ეს, მაგრამ რა ამბავიც ატეხეს, ეს არის სასაცილო და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი", - აღნიშნა შს მინისტრმა და იქვე არასწორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თელია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხვდა გენინსპექციის დასკვნაში დეტალი, რომ აჭარის პოლიციის მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
"რატომ უნდა მოხვედრილიყო გენერალური ინსპექციის დასკვნაში, რომ თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ის ამის გამო დაისაჯა იმავე დღეს და დაჯარიმდა. ყველაფრის გამო არ შეიძლება პრობლემა შევქმნათ, მით უმეტეს, როდესაც ვითარება არის მკვეთრად გაუმჯობესებული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.