ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცში ხმაურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სოფლის მოსახლეობისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ სოფლის ტერიტორიაზე არსებული 140 ჰექტარი სარეზერვო ფართობი 2012 წლის დეკემბერში ინდოეთის მოქალაქეებზე გაიყიდა.
ინდოელებმა მიწის დამუშავება გუშინ ღამის საათებში დაიწყეს. დღეს დილით კი როცა მოხნულ მიწის ფართობზე ხეხილის ნერგების გაშენება დაიწყეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
სოფლის მოსახლეობამ ინდოელები იძულებული გახადა ტერიტორია დაეტოვებინათ და ვაშლის ნერგების გასაშენებლად გამზადებული ორმოები მიწით ამოუვსო.
დიცელები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფართობები 2008 წლის ომის დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს და არ აპირებენ სოფლის კუთვნილი ფართობები ინდოელებს დაუთმონ.
დიცელები ვარაუდობენ, რომ მიწის გასხვისება მთელი რიგი დარღვევებით ფარულად მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ხვალ პროკურატურას საჩივრით მიმართავს. ისინი აცხადებენ, რომ სისხლი დაიღვრება და ამ ტერიტორიას არ დათმობენ.