ჩემს დროს მსგავსი რამ არ ყოფილა, - ასე უპასუხა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყდა რაბათის ტერიტორიაზე მდეაბრე მეჩეთის შიდა ტერიტორიიდან ჯვრისგამოსახულებიანი ბარელიეფების გამოტანა.
"ჩემს დროს მსგავსი რამ არ ყოფილა. ყველაფერს, ყველა დეტალს ხვალისთვის დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე გავარკვევთ. ყველა მინუსს და პლუს დავადგენთ, რადგან რაბათის ციხე არის აბსოლუტურად ყველასი", - აღნიშნა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ოდიშარიამ.
მისივე განმარტებით, კულტურის სამინისტროს ჯგუფი რაბათის ციხეში უკვე ჩასულია და ციხესიმაგრესთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ სრულ ინფორმაციას ხვალისთვის დაგეგმილ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გააცნობს.
ამასთან, მინისტრი რაბათის ციხის საკითხზე ხვალისთვის დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილსაც ეპატიჟება.
მისი თქმით, მრგვალ მაგიდაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც შეუძლია.
"რაბათის ციხესთან დაკავშირებით ბატონი პრეზიდენტის განცხადება, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის, იყოს ნაჩქარევი, ზედაპირული და ზედმეტად პოლიტიზებული. ხვალ ჩვენ ამ საკითხზე აუცილებლად გვექნება მრგვალი მაგიდა, რომელსაც დაესწრებიან სპეციალისტები, თავად რაბათის თანამშრომლები, ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. როგორც ვიცი, მერაბიშვილმაც განაცხადა, რომ უნდა სხდომაზე დასწრება. ყველას შეუძლია, მოვიდეს, დაესწროს, მათ შორის - ბატონ მერაბიშვილსაც", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.