რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 651 პროექტისთვის 201 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტების ნაწილი საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილ იქნა 510 პროექტი, დანარჩენი პროექტები მომდევნო სხდომაზე დამტკიცდება.
"მთლიანად 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 651 პროექტი დაფინანსდება და ამისთვის 201 მილიონი ლარი დაიხარაჯება. აღნიშნული თანხიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 271 სხვადასხვა გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება, 217 სოფელში მოგვარდება წყლის მიწოდების პრობლემა, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 45 ხიდს, საქართველოს მასშტაბით ნაპირდაცვითი სამუშოები განხორციელდება 52 ობიექტზე, სხვა სამუშაოები კი მათ შორის სპეცტექნიკის შეძენა, შენობების რეაბილიტაცია, პარკებისა და სკვერების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხევების გაწმენდა, საყრდენი კედლების რეაბილტაცია, ლიფტების მონტაჟი და რეაბილიტაცია ჩატარდება 65 ობიექტზე", - აცხადებენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით პროექტების დასაფინანსებლად თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება: გურია – 40 პროექტზე გამოიყოფა 12.461.000 ლარი, იმერეთი – 78 პროექტზე - 44,695,000 ლარი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 54 პროექტზე-8,316,400 ლარი, სამეგრელო-ზემო-სვანეთში – 113 პროექტზე- 35,507,000 ლარი, კახეთში – 96 პროექტზე- 23,995,300 ლარი, მცხეთა-მთიანეთში – 74 პროექტზე- 16,241,250 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 35 პროექტზე- 14,289,888 ლარი, ქვემო ქართლში – 129 პროექტზე- 26,131,164 ლარი და შიდა ქართლში – 31 პროექტზე - 16,509,155 ლარი.