მთავარი პროკურორის დანიშვნის წესში არაფერი შეიცვლება და ეს საკითხი ზუსტად ისევე დარჩება, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. "პროკურატურის შესახებ" კანონის თანახმად კი, მთავარი პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.
ამ მიმართულებით ცვლილებების შეტანას დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული "პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებდა, რომლიც პარლამენტში ჯერ კიდევ ნოემბერში შევიდა და პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გადის. ზოგადად, დავითაშვილის საკანონმდებლო პაკეტის არსი და მიზანი იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებათა ერთმანეთისგან მკვეთად გამიჯვნაში და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებაში მდგომარეობს.
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთთან სამი მხარე დაობდა - თავად კობა დავითაშვილი, მთავრობა და პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად . საკითხი მთავრობის მხრიდან "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირებას მოითხოვდა, თუმცა პრეზიდენტმა კანონპროეტის პარლამენტში წარდგენას თანხმობა არ მისცა.
დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის წარდგინებითა და მთავრობის თანხმობით, ხუთი წლის ვადით, თანამდებობაზე უნდა დაენიშნა და თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა პრემიერ-მინისტრს. ამასთან, წარმოდგენილი პროექტის გათვალისწინებით, მთავარ პროკურორად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ დანიშვნა, არ შეიძლებოდა. კობა დავითაშვილი კანონმდებლობაში მთავარი პროკურორის იმპიჩმენტის პროცედურის ჩადების ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის მიხედვით, მთავარი პროკურორის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავრობის თანხმობით, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი გაათავისუფლებდა.
აღნიშნულ საკითხზე ცხარე დისკუსია ჯერ კიდევ ორი თვის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, სადაც იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის ხუთი წლის ვადით დანიშვნის და ასევე მისი იმპიჩმენტის პროცედურის შემოღების ინიციატივას არ დაეთანხმა. მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი პროკურატურა საქვეუწყებო დაწესებულებაა, ასეთი წესის ამოქმედება, სისტემური მიდგომის პრინციპს დაარღვევდა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ბარამიძის არგუმენტები გაიზიარეს კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ, მისმა თანაგუნდელმა ირინა იმერლიშვილმა და ასევე "ნაციონალმა" დეპუტატებმა ლევან ბეჟაშვილმა და პაატა ლეჟავამ.
აღნიშნული პაკეტის განხილვა იურიდიული კომიტეტის ამ სხდომის შემდეგ წინ აღარ წასულა, რადგან მთავარი პროკურორის მოხსნა-დანიშვნის უფლებამოსილების პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაში გადასვლის საკითხი "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებებს საჭიროებდა. პრეზიდეტმა კი მთავრობას შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებაზე თანხმობა არ მისცა.
"მთავრობასთან სადაო თემამ აქტუალობა დაკარგდა, რადგან პრეზიდენტმა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებას და საკითხის პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში გადასვლას საერთოდ არ მისცა თანხმობა. ამიტომ სხვა სადაო საკითხებიც მთავრობასთან მოიხსნა - პრეზიდენტის მხრიდან თანხმობის მოუცემლობის გამო ჩემი და მთავრობის დავა უსაგნო დარჩა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კობა დავითაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი იმ მუხლების გარეშე იქნება, რომელიც მთავარი პროკურორის მოხსნა-დანიშვას ეხება.