საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოაცხადა.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა, კონკურსი ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 8 აპრილიდან იწყება.
"2013 წლის 8 აპრილიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.
3. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.
4. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის ღია კონკურსის სამდივნოში (მის: თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. #1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია) წარდგენილი უნდა იყოს მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა; ავტობიოგრაფია ან ჩV; კანდიდატის ერთი ფოტოსურათი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი; მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; სარეკომენდაციო ხასიათის წერილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ხელწერილი, რომ პირი გაეცნო სამეურვეო საბჭოს წევრისათვის "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატების სიის გამოქვეყნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღია კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას ღია კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები", - აღნიშნულია დოკუმენტში.