ვანო მერაბიშვილს კულტურის სამინისტროში 5 აპრილისთვის ელოდებიან

ვანო მერაბიშვილს კულტურის სამინისტროში 5 აპრილისთვის ელოდებიან

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვანო მერაბიშვილს რაბათთან დაკავშირებულ მრგვალ მაგიდაზე იწვევს. როგორც მინისტრის მოადგილემ , მარინა მიზანდარმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის სურვილს მიესალმებიან და 5 აპრილს, 12:00 საათზე სამინისტროში ელოდებიან.
"მრგვალი მაგიდის თემა იქნება ისტორიული არქიტექტურის მეტამორფოზა ახალციხის რაბათის მაგალითზე", - აღნიშნა მარინა მიზანდარმა.

საქართველოს კულტურის სამინისტრო რაბათის ციხის ტერიტორიაზე სამუშაობის ჩატარებას გეგმავს. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ქართულმა მხარემ წინა ხელისუფლების დროს მისი რესტავრაციის ფარგლებში დაშვებული ხარვეზები უნდა გაასწოროს.


რაბათში დაგეგმილ სამუშაოებზე გუშინ განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა. ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ და კულტურის სამინისტროს მიერ ამ თემაზე დაგეგმილ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა.