უმჯობესი იქნება, თუ კულტურის სამინისტრო ფინანსებს არა რაბათის დასანგრევად, არამედ სხა ძეგლების დასახმარებლად მომართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. მისი თქმით, ისეთ პროექტებთან ბრძოლა, როგორიც არის შუშის ხიდი, რაბათი, რესტავრირებული მცხეთა, არც ქვეყანას და არც ხელისუფლებას არაფერს მატებს.
"საქართველოში ძალიან ბევრ ისტორიულ ძეგლს ესაჭიროება აღდგენა და მოვლა პატრონობა, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ენერგიასა და ფინანსებს კულტურის სამინისტრო სწორედ სხვა ძეგლების დასახმარებლად და არა არსებული ლამაზი და წარმატებული პროექტების დასანგრევად მომართავს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ასოცირდება წინა ხელისუფლებასთან. მოდით, მივხედოთ იმ ძეგლებსა და მონუმენტებს, რომელსაც გაკეთება სჭირდება და დავანებოთ თავი წარსულთან და წარსულის წარმატებულ სიმბოლოებთან ბრძოლას. მივხედოთ ყველამ ერთდ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, რაბათთან ბრძოლა, იმის გამო, რომ ის აღიქმება წინა ხელისუფლების წარმატებულ პროექტად, გამართლებული არ არის.