საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია შუალედური არჩევნებისთვის მზად არის, თუმცა ზურაბ ხარატიშვილი ვარაუდობს, რომ "საკმაოდ ცხელი არჩევნები გველოდება". ხარატიშვილის თქმით, ის გართულებებს უფრო მეტად ნაძალადევის საარჩევნო ოლქში ელოდება.
"საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით, ეს საარჩევნო ოლქები ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ არიან, განსაკუთრებით ნაძალადევში შეიძლება იყოს გართულებები. ადმინისტრაციის წევრები განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყველა მხრიდან, ეს იქნება სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიებიდან. ზეწოლაში ვგულისხმობ, რომ ყველა მხრიდან არის აქტიური ინტერესი, რაც გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ეს ბუნებრივი, მაგრამ მძიმე პროცესია", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.