საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის ინფორმაციით, "ბათუმის სახლი" რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, მისი მეპატრონე კი, შიშის გამო, საქართველოს დატოვებას აპირებდა.
ამის შესახებ კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.
"ბათუმის სახლი" დაკეტილი იყო 2-3 დღის განმავლობაში, მისი მეპატრონე შეშინებული იყო და ჩემთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ საქართველოდან წასვლა უნდა. ამ განცხადების შემდეგ ობიექტი მართლა დაიკეტა და ეს ადამიანი აღარ ჩანდა, შსს მას ეძებდა, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში ვერ პოულობდა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე აღარ აქვს ინფორმაცია გაიხსნა თუ არა ოებიქტი და მოხერხდა თუ არა "ბათუმის სახლის" მეპატრონის პოვნა.
საია-ს წარმომადგენლებსა და აჭარის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის ინციდენტი "ბათუმის სახლთან" ახლოს მოხდა. ეს ობიექტი ერთ-ერთ იყო, სადაც დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა ინციდენტი დააფიქსირა. ამ ობიექტის მფლობელმა საბირ ნურუევმა იმავე დღეს განაცხადა, რომ "ბათუმის სახლიდან" პოლიციის თანამშრომლებმა ჩანაწერი ამოიღეს, რომლის ნაწილი შემდეგ წაშლილი აღმოჩდა. შსს-ს გენინსპექციამ კი განაცხადა, რომ ჩანაწერის წაშლა "დაუდევრობით" მოხდა.