"გურიის ახალგაზრდულ რესურს-ცენტრში" 1-ელი მაისიდან პრობაციონერთა დასაქმების პროგრამა დაიწყება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში გამართულ პრესკონფერენციაზე, გურიის პრობაციის ბიუროს უფროსმა, იოსებ წიკლაურმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის" ხელმძღვანელმა, თამარ ღლონტმა ისაუბრეს.
დასაქმების პროგრამა მოიცავს ერთთვიან სასწავლო კურსს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებზე, აგრეთვე სტაჟირებას და უშუალო დასაქმებას სხვადასხვა დაწესებულებებში; მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა კი ითვალისწინებს მცირე ბიზნესის მართვის ორთვიან კურსს და მიკრო-გრანტების პროგრამას ბიზნესის დაწყების მსურველი პრობაციონერებისთვის.
თითოეული პროგრამა გათვლილია 30 პირობით მსჯავრდებულზე. მასში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის სასწავლო მასალების და ტრანსპორტირების, პროგრამის მიერ იფარება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პრობაციონერებმა 4 აპრილიდან 20 აპრილამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ გურიის პრობაციის ბიუროში ან "გურიის ახალგაზრდულ რესურს-ცენტრში".
დასაქმებისა და მცირე ბიზნესის პროგრამა ხორციელდება პროექტის - "პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების რეინტეგრაციისა და განვითარებისთვის ხელშეწყობა" - ფარგლებში, რომელსაც "გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრი", ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2012 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.
2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა მემორანდუმი პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და "გურიის ახალგაზრდულ რესურს-ცენტრს" შორის, რომლის მიზანია მხარეების აქტიური თანამშრომლობა ზემოთ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ეს პროექტი პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების რეინტეგრაციას და რესოციალიზაციას ემსახურება.