საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხის დასმა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "ერთი შეშლილი კაცის მსახურებაზე" მიუთითებს.
შიხიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს ღირსეული წევრები დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან და კვორუმი არ შედგება.
"ვიმედოვნებ, ამ ფარსის გათამაშებისას საჭირო კვორუმი არ იქნება. თუ კვორუმი არ შედგება და სხდომას 23 კაცზე მეტი არ დაესწრება, გამარჯვებული დარჩება თბილისის მოსახლეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა კარგად დაინახავს, ვინ იქნება 24-ე და ვინ აჰყვება უზნეობაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს", - განაცხადა შიხიაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "საკუთარი თავმჯდომარის" გადაყენებას თბილისში ძალაუფლების დაკარგვის პანიკურ შიშს უკავშირებს ზაზა გაბუნია.
როგორც ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესი სამართლებრივად უკანონოა, რადგან ამ საკითხს სხდომაზე გატანამდე სათანადო პროცედურები არ გაუვლია.
"ისინი ცდილობენ, საცოდავი 90 დღით გაიხანგრძლივონ ძალაუფლება თბილისში. სამართლებრივად ეს პროცესი უკანონოა, რადგან მათ არ გაიარეს სათანადო პროცედურები ამ საკითხის სხდომაზე გასატანად. ვემიჯნებით ამ პოლიტიკურ ფარსს, ტყუილს და სამართლებრივი დარღვევებით მიმდინარე პროცესს. ამ პროცესის საფუძველი არის მათი პანიკური შიში, დაკარგონ, ძალაუფლება თბილისშიც", - აღნიშნა გაბუნიამ.