"კომისიის რეკომენდაციებს შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ" - რა პირობებს უყენებს ბრიუსელი თბილისს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის ავტორობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების გაუქმებას ეხება.

მოთხოვნები რვა პირობას აერთიანებს, რაზეც, ბრიუსელის ცნობითვე, დამოკიდებულია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ბედი.

"კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია. მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და საკანონმდებლო პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა", - აღნიშნულია დოკუმენტში.