"ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის" წარმომადგენლებმა დღეს ნაძალადევის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა დავითაია წარუდგინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოსახლეობას თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ვანო მერაბიშვილმა, დავით ბაქრაძემ, ირმა ნადირაშვილმა, ასევე დეპუტატობის კანდიდატმა პაპუნა დავითაიამ მიმართეს.
თბილისის მერის განცხადებით, ქვეყნის უახლეს ისტორიაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მას ჰქონდა ბევრი წარმატება, გამოწვევა, მარცხი და შეცდომა, მაგრამ პარტია არსებობს.
"ჩვენ საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მეზობელს, ახლობელს, მეგობარს, ერთი რამე უნდა დავუდასტუროთ, რომ ამ ქვეყანაში ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებული აზრის არსებობას. ეს განსხვავებული აზრი უნდა გამოითქმებოდეს თავისუფლად, არავის უნდა ჰქონდეს შიში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების და შევიწროების. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც თითოეული ადამიანის მოსაზრება არის ყურადსაღები და არ ნიშნავს იმას, რომ დღეს უმრავლესობამ დაჩაგროს უმცირესობა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამ სპირალში შევალთ, ხვალინდელი უმრავლესობა დაგჩაგრავთ დღევანდელ უმრავლესობას და ასე დაზიანდება ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანი", _ აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, ბევრი ადამიანია, ვისაც, სრულიად უსაფუძვლოდ, უსაგნოდ დაატარებენ სხვადასხვა უწყებებში, თხოვენ მათ სრულიად გაუგებარ ჩვენებებს, ავიწროებენ, მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და შანტაჟი.
"ეს ყველაფერი დამთავრდება მხოლოდ ერთადერთი რამის შემდეგ, თუ ჩვენ დავანახებთ მთავრობას, რომ მან არ უნდა დაუშვას შეცდომა, რომ მათ უნდა ისწავლონ სხვის შეცდომებზე. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან 1 800 ადამიანი უსამართლოდ გაუშვეს სამსახურიდან, სხვადასხვა სამინისტროებში დასაქმებულმა დაახლოებით 4 000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, რომელთაც ჰპირდებოდნენ ცხოვრების გაუმჯობესებას, მაგრამ დატოვეს უსამსახუროდ. ეს ხალხი არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ იყო, ეს ხალხი არიან თბილისელები, იმიტომ, რომ ძირითადი სამინისტროები, სწორედ აქ, თბილისში მდებარეობს", _ დასძინა თბილისის მერმა.
მისივე განცხადებით, ისურვებდა, რომ ეს მთავრობა ყოფილიყო ღვინო, რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება, უმჯობესდება, "მაგრამ სამწუხაროდ ეს მთავრობა ჯერჯერობით არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება".
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში დღეს ბევრი გაჩერებული მშენებლობაა, უამრავი მაღაზიაა, სადაც წერია, რომ ქირავდება, რადგან მაღაზიის მეპატრონეს აღარ უღირს მუშაობა. ყოველივე ამით კი ეკონომიკა ზარალდება.
"აუცილებელია პარლამენტში ბალანსი, საკანონმდებლო ორაგნოში საჭიროა კიდევ უფრო მეტი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი არსებობდეს და ამ აზრის დამცველი იყოს. ბოლოს გეტყვით, რომ 7 თვე გავიდა თითქმის არჩევნებიდან, მანახეთ თბილისის რომელი მაჟორიტარი ხვდება ხალხს და ინტერესდება მათი პრობლემებით. ძირითადად ეს ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ სკამების განაწილებით არის დაკავებული. ამ პროცესს აქვს ადგილი საკრებულოში, პარლამენტში, ჩვენ სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, აუცილებლად განსხვავებული აზრი და ამ შემთხვევაში, განსხვავებული დეპუტატი. პაპუნა ამ თვალსაზრისით საუკეთესო კანდიდატია, ის იურისტიც არის და სამსახურებრივად ძალიან დიდი გამოცდილება აქვს", _ დასძინა გიგი უგულავამ.