შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰამზა ბ. ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქე მადინა ე-ს 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თურქეთში არალეგალურად გადაყვანას შეჰპირდა. ჰამზა ბ-მ მას პასპორტი გამოართვა, რითაც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა.
ჰამზა ბ-მ მოტყუების, შანტაჟისა და იძულების გზით, მადინა ე. პროსტიტუციაში ჩააბა და რამდენიმე კვირის განმავლობაში სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა: მიჰყავდა იგი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო-კლუბ ,,არენა"-ში, სადაც თურქი ეროვნების მამაკაცებს ახვედრებდა, რის შემდეგაც პროსტიტუციის გზით გამომუშავებულ თანხას ითვისებდა.
გარდა ამისა, 2013 წლის 21 იანვარს, ჰამზა ბ-მ სასტუმრო ,,მარინა"- ში, მადინა ე-სთვის პასპორტის დაბრუნების სანაცვლოდ, მის მეგობარ მამაკაცს გარკვეული თანხა გამოართვა.
გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი) მიმდინარეობს, რაც 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.