"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტების" ლიდერმა დღეს ჭადრაკის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ნათელაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას გეგმავს. როგორც მან დღეს გამართულ პარტიის შეკრებაზე განაცხადა, ქვეყანა კვლავ არჩევანის პირზეა და შექმნილი ვითარება გადაუდებელ მოქმედებებს მოითხოვს.
"ჩვენი ქვეყანა კვლავ არჩევანის, უფრო სწორად, კატასტროფის პირზეა. ე.წ. კოჰაბიტაცია ივანიშვილისა და სააკაშვილის ჯგუფებს შორის შეხმატკბილებაში გადაიზარდა. შექმნილი ვითარება გადაუდებელ მოქმედებებს მოითხოვს. დრო ცოტა გვაქვს. ერისა და ბერის წინაშე ვაცხადებ, მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: ვიყრი კენჭს საქართველოს პრეზიდენტად, მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, ხალხზე და საქართველო გამოვიყვანო ჩიხიდან", -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.