"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით უმრავლესობაში შეჯერებული მოდელი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს.
უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, უმრავლესობის მიერ შეთავაზებული მოდელით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13 წევრი იცვლება, რაც "ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში არანაირად არ ჯდება".
"ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკური ცვლილებები საბჭოს წევრებს არ შეეხოთ. ამიტომ სრულიად მიუღებელია ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც მოსამართლეთა მიერ არჩეული მოსამართლეების შეცვლას ეხება, რადგან ვინც არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს. არ შეიძლება მათი შეცვლა და ეს არის ძირითადი უთანხმოების საკითხი. რაც შეეხება საბჭოს მეორე ნაწილს, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტის მხრიდან დასახელებული წევრები შედიან, აქ მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგათ და სხვადასხვა მექანიზმებზე ვისაუბროთ, მათ შორის განვიხილოთ უმრავლესობის მიერ შეთავაზებული მექანიზმი, მაგრამ ეს არის მცირე ნაწილი იმ შეუსაბამობის მოსაგვარებლად, რაც უმრავლეობის წინადადებებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შორის არსებობს", - აცხადებს დავით ბაქრაძე.