საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ბათუმში სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის შემდეგ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში 2013-2015 წლებში უწყებათაშორისი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ეს სამოქმედო გეგმა ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი და სხვა.
"გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება ხელს შეუწყობს სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა კი აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონში სამაგალითოა.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოლიტიკურ საკითხებს, მიმდინარე მოვლენებს. ასევე განივიხილეთ საერთაშორისო მიდგომები, მათ შორის სირიის საკითხზე", -განაცხადა მამედიაროვმა.
თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ბათუმს ძალიან ხშირად სტუმრობს და იმ პროგრესს ხედავს, რაც მიღწეულია.
"ჩვენი შეხვედრა თანამშრომლობისთვის უნიკალური პლატფორმაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. დარწმუნებული ვარ, მიღებული სამოქმედო გეგმის შედეგად უამრავ ახალ, ერთობლივ პროექტს წამოვიწყებთ", - აღნიშნა დავუთოღლუმ.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის "მაკდონალდსს" ეწვია.
ერთობლივი პრესკონფერენციის კადრები "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.