საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრს ხმათა ორი მესამედით აირჩევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში გამართული კონსულტაციების შემდეგ განუცხადა.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, ეს პირდაპირ წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში და უმრავლესობამ ეს მოსაზრება გაიზიარა.
"თუმცა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, საბჭოში ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში წევრების არჩევა უნდა მოხდეს უბრალო უმრავლესობით – 76 ხმით. ჩვენ უფრო შორს მივდივართ და ვაწესებთ შეზღუდვას, რომ 6-დან სულ მცირე, ორი წევრი არჩეული იყოს ხმათა ორი მესამედით და ეს ორი ადგილი ვაკანტური დარჩება მანამ, ვიდრე მათზე თანხმობა არ მიიღწევა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ახალი მოდელით, საბჭოს 15 წევრიდან უფლებამოსილება შეუწყდება 6 წევრს, რომელთაგან 4-ს პარლამენტი და 2-ს პრეზიდენტი ნიშნავს. უსუფაშვილის განმარტებით, დანარჩენი 9 წევრიდან კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ის ერთი წევრი, რომელიც ახალი კანონმდებლობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ადგილებს შეინარჩუნებენ. დანარჩენ შვიდ წევრს კი უფლებამოსილება შეუწყდება, თუმცა, მათ ექნებათ უფლება, მოსამართლეთა კონფერენციაზე თავიანთი კანდიდატურა დაასახელონ და მხარდაჭერის შემთხვევაში თავიანთ ადგილებზე ახალი ვადით დაბრუნდნენ.
"ჩვენი მოტივაციაა, რომ ისინი თანამდებობაზე დანიშნული იყვნენ ერთპიროვნულად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით და ღია კენჭისყრით. ახლა კი ვამკვიდრებთ ფარულ კენჭისყრას, ხოლო კანდიდატების წარდგენის საშუალება მოსამართლეებს ექნებათ. უფლებამოსილება უწყდებათ თანამდებობის პირებსა და დროებითი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გამწესებულ პირებს. ჩვენ სრულად ვიცავთ კოტე კუბლაშვილთან მიღწეულ შეთანხმებას და ეს ნაწილი უცვლელად გავა პლენარულ სხდომაზე. ეს არის სრულ შესაბამისობაში უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან და საღ აზრთან, რათა სასამართლო გათავისუფლდეს ჩარევებისგან, მოსამართლეებს ჰქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, პროცესის დაბლოკვა კი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეეძლოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავჯდომარის თქმით, ეს არ არის უმცირესობასთან შეთანხმებული მოდელი და მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა პოლიტიკური კონსულტაციები ამ ეტაპზე დასრულებულია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რეგლამენტში შევა ცვლილებები, როლის თანახმადაც, მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის კვლავ მეორე მოსმენაში დაბრუნება შესაძლებელი გახდება. მისივე განცხადებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ყველა საკითხი კანონში სათანადოდ აისახოს.
"ჩვენი ამოცანა იყო სასამართლოს გათავისუფლება. ჩვენი წინადადებები არასამთავრობოების მიერ მომზადებულ პაკეტს ეფუძნება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ამ ყველაფრის გასწორება არ ისურვა და ამიტომ ყველა მიესალმება ნაბიჯებს, რაც პოლიტიკური და ადმინისტრაციული წნეხისგან სასამართლოს გაათავისუფლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს წინადადებები ვენეციის კომისიის დასკვნასთან სრულ შესაბამისობაშია, მივაღწიეთ შეთანხმებას სასამართლოს თავმჯდომარესთან, რადგან ხდება ახლა სასამართლოს გათავისუფლება. პოლიტიკური კონსულტაციები დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის განხილვის პროცესში ყველას ექნება აზრის გამოთქმის საშუალება. ცვლილებების პროექტი დღეს 18:00 საათამდე უნდა შევიდეს და პროცესს მეტს ვეღარ დაველოდებით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უმრავლესობის ეს პოზიცია შეჯერებულია პრემიერ-მინისტრთან. დავით უსუფაშვილმა უმცირესობის პოზიცია არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმ ვერსიის გადახედვასაც ითხოვდა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმება მიღწეულია.