ფოტოგრაფების საქმის გადახედვა გრიფის ახსნის გარეშეც შეიძლება. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ფოტოგრაფების საქმე თავის დროზე დახურული იყო. გრიფით საიდუმლოს ახსნა კი ჯერ არც ერთი საქმისთვის არ მომხდარა.
"გრიფით საიდუმლოს საკითხი ხელს არ უშლის საქმის ხელახლა გადახედვას, თუმცა მისი განსაჯაროება ვერ მოხდება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე თქმით, თუ იქნება ნება და ახალი გარემოებები, ამ საქმის გადახედვა აუცილებლად მოხდება.