პარტია "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, ცოტა ხანში იგი წარმოადგენს მასალას, დოკუმენტაციას იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდოდა სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და როგორ დაბლოკა მან გერმანიის კანცლერის, მერკელის წინადადება, რომ პრობლემები მისი აქტიური მონაწილეობით ყოფილიყო მოგვარებული.
"ამ მასალას უახლოეს ხანებში მოგაწვდით და თქვენ კარგად დაინახავთ, რომ სააკაშვილს ის კი არ აწუხებდა, რომ ბურჯანაძე თურმე პრორუსული იყო, სააკაშვილს აწუხებდა ზუსტად ის, რომ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მე ყოველთვის პროქართული პოზიციის ერთადერთი ადამიანი ვიყავი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მან იცის, როგორ უნდა მოგვარდეს რუსეთთან პრობლემები, ასევე როგორც უნდა მოგვარდეს კონფლიქტები, რთულად, მაგრამ მაინც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, სააკაშვილი ის ადამიანია, რომელმაც ქვეყანა წინასწარ წაგებულ ომში ჩართო. "და მე ძალიან მიკვირს ამაზე რატომ არ საუბრობს უმრავლესობა", - დასძინა მან.