მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კვლავ არ დააკონკრეტა აპირებს თუ არა მონაწილეობის მიღებას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პარტია ყველა მომავალ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს საარჩევნო გარემო და აქტიური მუშაობა დაიწყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ამასთან, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი პრეზიდენტი, პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს.
ამასთან, ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს ნელი ტემპით და რეზონანსული საქმეები კვლავ არ არის გამოძიებული.
აქვე, ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში შიშის სინდრომი აღარ არის იმ ადამიანებშიც, რომელთაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. მას მიაჩნია, რომ სამართლიანი კანონის წინაშე მოკრძალება და შიში უნდა ჰქონდეთ.