საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები, რომლებსაც აჭარის შს სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ შეურაცხყოფა მიაყენა, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან, - ამის შესახებ
"ინტერპრესნიუსს" საია-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ქარცივაძემ განუცხადა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს – როინ ფარტენაძეს, გიორგი ხიმშიაშვილსა და მთვარისა ცივაძეს აჭარის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში კითხავენ.
"თელიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია ჩვენ გამოვიძახეთ, რის შემდეგაც ჩვენი სამი თანამშრომელი დაკითხვაზე წაიყვანეს", - აღნიშნა გია ქარცივაძემ.
მისივე განმარტებით, ინციდენტის დეტალების საქმის კურსი ამ ეტაპზე არ არის და საია აღნიშნულის დასაზუსტებლად მათი თანამშრომლების დაკითხვიდან გამოსვლას ელოდება.
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის დღეს ინციდენტი მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.